კომპანია Apple -მა iPhone-ის სამი ახალი ვერსია 11, 11 Pro და 11 Pro Max წარადგინა. როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს ახალ სმარტფონებს გაუმჯობესებული ეკარანი, უფრო სწრაფი პროცესორი, მეტად სიცოცხლისუნარიანი აკუმულატორი და უკეთესი კამერა აქვთ.
ახალი სმარტფონების პრეზენტაცია კალიფორნიაში, კომპანიის სათაო ოფისში გაიმართა. მათი დიზაინი და ეკრანის ზომა წინამორბედებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. სიახლე ისაა, რომ ახალი სმარტფონები მეტ ფერშია ხელმისაწვდომი.
iPhone Pro ორი ზომით არსებობს - 147 მმ და 165 მმ ეკრანით. მას გაუმჯობესებული, კიდევ უფრო მაღალი რეზოლუციის სუპერ რეტინა (XDR OLED) ეკრანი აქვს.
მთავარი სიახლე, რომელიც ახალი სერიის iPhone -ებს აქვთ, მის უკანა მხარეს განთავსებული 12-მეგაპიქსელიანი სამი კამერაა, რომელიც სინქრონულად მუშაობს. ახალი კამერები ულტრა ფართო კუთხის გადაღების საშუალებას იძლევა და აღჭურვილია ტელეფოტო ოპტიკით, რომელიც 0.5x-დან 2x-მდე ოპტიკურ მოახლოებას უზრუნველყოფს.
ახალი კამერები ასევე განახლებულ ღამის რეჟიმს სთავაზობს მომხმარებელს, რომელიც დაბალი ბუნებრივი განათების პირობებში უკეთესი ხარისხის და გარჩევადობის ფოტოებს იღებს.
კომპანიამ ასევე განაახლა სელფის კამერა, რომელიც 12-მეგაპიქსელია და 4K რეზოლუციით, 60 კადრით წამში იღებს. სელფის კამერას შენელებული მოძრაობის ვიდეოს გადაღებაც შეუძლია.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა თქვა, რომ ახალი iPhone 11 Pro ნამდვილად არ ცნობს შეზღუდვებს და იგი ყველაზე სრულყოფილი ტელეფონია, რომელიც კომპანიას აქამდე შეუქმნია.
რაც შეეხება 6.1 დიუმიან iPhone 11-ს, იგი ძველი iPhone XR-ის პირდაპირი ჩანაცვლებაა. iPhone 11-ს უკანა მხარეს ორი 12-მეგაპიქსელიანი კამერა აქვს, რომელიც Pro-ს მსგავსად ულტრა ფართო კუთხის გადაღების საშუალებას იძლევა. ეს მოდელიც 4K რეზოლუციით, 60 კადრით წამში იღებს და როგორც კომპანია ამტკიცებს, ასეთი ხარისხის ვიდეოს გადაღება სხვა არცერთ სმარტფონს არ შეუძლია iPhone 11 Pro-ს გარდა.
კომპანია ამბობს, რომ ახალი სმარტფონების აკუმულატორი მეტად სიცოცხლისუნარიანია. მაგალითად, iPhone 11 ერთი საათით მეტს გაძლებს, ვიდრე შარშან გამოშვებული iPhone XR, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max-ის აკუმულატორები კი 4-5 საათით მეტს იმუშავებს , ვიდრე iPhone XS-ის მუშაობს.
კომპანიამ ასევე გააუმჯობესა სახის ამომცნობი სისტემა, უსადენო დატენვის და უკაბელო ინტერნეტის სისტემები.
iPhone 11-ის ფასი 699 დოლარია, რაც წინა წელს გამოშვებულ iPhone XR-ზე 50 დოლარით ნაკლებია. iPhone 11 Pro და 11 Pro Max-ის ფასი 999 დოლარი და 1 099 დოლარი იქნება. ახალი სმარტფონები 20 სექტემბრიდან გაიყიდება.
No comments:
Post a Comment